მემთეურობა და შუამთობა - აჭარის ადმინისტრაციული ერთეულები - ქედა, შუახევი და ხულო - მთიან რეგიონს მიეკუთვნება. ადგილობრივები ქედას ქვემო აჭარას აკუთვნებენ, შუახევსა და ხულოს - ზემო აჭარას.
აჭარის ყოფისთვის დამახასიათებელია მემთეურობის ტრადიცია. თითოეულ სოფელს აქვს საზაფხულო სახლი და საძოვრები მთაში, რომელსაც ეწოდება იალაღი, ეილა ან იაილა. ტრადიციულად, აჭარლები ზაფხულობით მთაში მიდიან, მიჰყავთ საქონელი და მთელ ზაფხულს იქ რჩებიან. ეს მათი ცხოვრების ციკლის ნაწილია დღემდე და მას „მთაში წასვლას“ უწოდებენ. ყველა სოფელს და, შესაბამისად, სოფლის მცხოვრებს თავისი მთა (ეილა) აქვს. დღეს ცნობილი კურორტი ბეშუმი ერთ-ერთი ასეთი საზაფხულო იალაღია. მთაში მიდიან განსაკუთრებით მოხუცები და ბავშვები. მთაში ყოფნასთან არის დაკავშირებული სახალხო დღესასწაული შუამთობა, მისი შინაარსი არააჭარელმა შეიძლება არც იცოდეს. შუამთობა მთაში ყოფნის შუა პერიოდს აღნიშნავს. ადრე მის აღნიშვნას უფრო დიდი დატვირთვა ჰქონდა და მემთეურები განსაკუთრებით ელოდებოდნენ. ამ დღეს სოფლიდან ამოდიოდნენ ნათესავები, თანასოფლელები, სტუმრები და ღამისთევით ზეიმობდნენ. ერთი დღით მთის რუტინას არღვევდა მხიარულება, სხვადასხვა თამაშობა, მუსიკა, სტუმრიანობა. შუამთობას აღნიშნავდნენ ყველა მთაზე. დღეს ახალგაზრდები აღარ ატარებენ დიდ დროს მთაში. თუმცა საქონლისა და მეურნეობისთვის ზაფხულის იალაღზე გატარების ტრადიცია ზემო აჭარაში მაინც ნარჩუნდება.აჭარის მაღალმთიანეთში მემთეურობას საუკუნოვანი ტრადიცია აქვს.
იმ დროს, როცა მთისკენ საქონელს ათეულობით კილომეტრზე მამაკაცები ფეხით მირეკავენ, ქალები და ბავშვები ზამთარში ჩაკეტილი ქოხების დალაგება-დასუფთავებას იწყებენ, თვეობით დაუნთებელ ღუმელებს წმენდენ და შეშას აგროვებენ. როცა სოფლებიდან ამორეკილი საქონელი სადგომში დაბინავდება, ქოხებში სინათლე აინთება, ღუმელში ცეცხლი დაინთება და მასზე ფინჯნებით პირველი ყავა დაიდგმება, ნიშნავს, რომ იალაღებზე ზაფხული დაიწყო.
ზაფხულის დაწყებამდე კი მაისის ბოლოს, მემთეურებს საქონელი მაღლა მთაში მიჰყავთ და იქ სექტემბრამდე რჩებიან.პირუტყვს, ძირითადად, ქალები უვლიან. მათი ყოველდღიურობა ადვილი არ არის, მთელ დღეს მუხლჩაუხრელად შრომობენ. მართალია, ხან ელექტროენერგია გაითიშება, ხან – წყალი და გზებიც მოუწესრიგებელია, მაგრამ მემთეურ ქალებს ეს არ აშინებთ. ისინი ტრადიციულ საქმიანობას აგრძელებენ და საოჯახო მეურნეობაში საკუთარი როლის მნიშვნელობაც კარგად აქვთ გაცნობიერებული.
დილა მთაში საქონლის მოვლით იწყება. ქალები დილის 6 საათზე დგებიან, ძროხებს წველიან, რძეს აბინავებენ და დილის რვა საათზე ყველა გომურის კარი იღება, იალაღის შუკა კი საქონლით ივსება. ისმის გადაძახილი, მწყემსები საქონელს აგროვებენ და მთის გადაღმა მიერეკებიან. ყველა იალაღზეა რამდენიმე ადამიანი, ვისაც საქონელი აბარია.
მთაში ქალები მთელი დღე საქმით არიან დაკავებულები. შუადღით ერთი საათით აძლევენ თავს უფლებას მოისვენონ და ყავა დალიონ. შემდეგ ძროხები ბრუნდებიან საძოვრიდან და დილის პროცედურა მეორდება.
დრო მთაში ყველაზე შეუმჩნევლად ბავშვებისთვის გადის. უფროსებს ეხმარებიან, პარალელურად კი გართობას ყველა ახერხებს. კარტი, ველოსიპედით სეირნობა და ფეხბურთი დღის გასართობი თამაშებია. ხოლო საღამოობით კოცონს ანთებენ და ერთობიან.
Комментариев нет:
Отправить комментарий